ველოსპორტი

როგორ შევარჩიოთ ველოსიპედი?

უპირველესად, გადაწყვიტეთ როგორი ტიპის ველოსიპედი გინდათ, ანუ სად და როგორ გამოიყენებთ მას, ხოლო ამის შემდეგ დავიწყოთ ფიქრი როგორ შევარჩიოთ ველოსიპედი. თუ ფიქრობთ რომ თქვენი ცოდნიდან გამომდინარე ველოსიპედის შერჩევაზე ფიქრი არაეფექტური იქნება მაშინ გაეცანით ქვემოთ მოცემულ რჩევებს.


სამთო ველოსიპედი / Mountain Bike 

მთის ველოსიპედებს შორის ფართო არჩევანია და საკუთარი თავისთვის შესაბამისი მოდელის შერჩევას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ეს ველოსიპედები შესაფერისია ნებისმიერი ტიპის გზისთვის, მაგრამ მათი ძირითადი დანიშნულება უსწორმასწორო გზებზე მოძრაობაა, ამიტომ ველოსიპედის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ წინა და უკანა ამორტიზატორების არსებობას. ასეთი ველოსიპედების სიჩქარეების რაოდენობა მერყეობს 21-დან 27-მდე. ბორბლები ჩვეულებრივზე განიერი იქნება, დაახლოებით 2-2,5 ინჩი (5-6.35სმ), მაგრამ დიამეტრი ჩვეულებრივზე ნაკლები. სასურველია ველოსიპედის ჩარჩო იყოს გამძლე და მსუბუქი.

არ დაგავიწყდეთ რომ სისწრაფისთვის ასეთი ველოსიპედი არ არის გათვლილი.


Road Bike / სპორტული ველოსიპედი

სპორტული ველოსიპედის არჩევა იმ შემთხვევაშია რეკომენდირებული თუ თქვენ აპირებთ სიარულს (ვარჯიშს) მხოლოდ და მხოლოდ სწორ, კარგად დაგებულ გზებზე. სპორტული ველოსიპედების სიჩქარეების რაოდენობა მერყეობს 15-დან 30-მდე. ამ ტიპის ველოსიპედებს ამორტიზატორები არ აქვს, რადგან სწორ ზედაპირზე ისინი არ არის საჭირო. ბორბლები ვიწროა, რომ შემცირდეს ხახუნის ძალა. სპორტული ველოსიპედები გამოირჩევა დიდი სისწრაფით, მათზე შეიძლება აჩქარება 10კმ/სთ-ზე მეტად ვიდრე მთის ველოსიპედზე, მაგრამ თუ გზები ცოტათი მაინც უსწორმასწოროა თქვენ ვერ შეძლებთ ველოსიპედის სრული პოტენციალის გამოყენებას.


City Bike / ქალაქის ველოსიპედი 

ქალაქის ველოსიპედი საუკეთესო არჩევანია ქალაქში გასასეირნებლად. ამ ველოსიპედების კონსტრუქცია ძალიან მარტივია, უმეტეს შემთხვევაში ისინი ერთსიჩქარიანია. ბორბლები დაფარულია ფრთებით, დაყენებულია დამცავი “ფარი”, რომ შარვალი ან თასმები არ მოხვდეს ჯაჭვში (ცეპში). აგრეთვე ველოსიპედი აღჭურვილია საბარგულით, სინათლის ამრეკლი ელემენტებით, ფარანით და სიგნალით. მუხრუჭები ძირითადად მარტივი სისტემის არის. ჩარჩო შეიძლება იყოს როგორც კაცისთვის, ასევე ქალისთვის.


Kids Bike / საბავშვო ველოსიპედი 

ბავშვისთვის ველოსიპედის არჩევა არცთუ ისე ადვილია, ყველაფერი დამოკიდებულია ასაკზე. 18 თვიდან 5 წლამდე შესაძლოა გამოიყენოს ბავშვმა Balane- ბალანს ველოსიპედი, ასევე 3-4 წლის ბავშვისთვის უმჯობესია შეირჩეს სამბორბლიანი ველოსიპედი. კარგი იქნება თუ ამ ველოსიპედს ექნება ხელის მოსაკიდებელი მშობლებისათვის, რომ გამოიყენონ როგორც საბავშვო ეტლიც. უფრო დიდი ასაკის ბავშვისათვის შეიძლება შეირჩეს ნებისმიერი სახის ველოსიპედი, მთავარია ჩარჩოს ზომა შეესაბამებოდეს ბავშვის სიმაღლეს.